ზუსტი სტატისტიკა, რამდენი სმენადაქვეითებულია საქართველოს მასშტაბით - არ არსებობს. სავარაუდო მონაცემები დარეგისტრირებულთა რაოდენობას (დაახლოებით 6 000 ადამიანი), ორჯერ აღემატება.
არ ესმით - ესაა მათი ერთადერთი შეზღუდვა, რის გამოც ვიზუალური აღქმის უნარი მკვეთრად აქვთ განვითარებული და ძალიან ყურადღებიანები არიან. მათ ჯერ ვერ გაიარეს საზოგადოებასთან უმტკივნეულო ინტეგრირების პროცესი.
გაუცხოების მთავარი მიზეზი ისაა, რომ უმრავლესობამ არ იცის ჟესტური ენა. ამის გამო სმენადაქვეითებულთა თვითშეფასების უნარი ძალიან დაქვეითებულია. ხშირად მშობლებს არც სურთ, რომ მათმა შვილმა ისწავლოს ჟესტური ენა. ასეთ ბავშვებს მალავენ ოჯახში და კონტაქტს თავისი მოგონილი ჟესტებით ცდილობენ. რაც იწვევს მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაციის დაკარგვის საფუძველს.
საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის მაია მეტონიძის განცხადებით: ”მხოლოდ იმის გამოქვეყნება მედიის საშუალებებით, რომ ჩვენ გვჭირდება სმენის აპარატები, ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციაა. მათ არაფერი სჭირდებათ თუ ექნებათ სრულფასოვანი გარემო.”
პრაღაში, გასულ წელს ჩატარდა სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი გოგონაც იღებდა. ნინო დავითნიძე ამ კონკურსზე ”მის ევროპა” გახდა. ამ დიდი წარმატების გამო ეს კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება. ჟურნალ ”იმედი +-სათვის” მიცემულ ინტერვიუში ნინო დავითნიძემ აღნიშნა, რომ მან შემოთავაზება მიიღო გერმანული სააგენტოსგან, ფოტო სესიაში მონაწილეობის მიღებაზე.
ეს კონკურსი ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებაში რეალიზებისთვის და რის გარეშეც ინტეგრირებას ვერ შეძლებენ. მაია მეტონიძე ამბობს: ”ლამაზად შეფუთული მივაწოდეთ საზოგადოებას მათი შესაძლებლობები და მე ვთვლი, რომ ეს იყო წარმატებული აქცია. დამსწრე საზოგადოების, არც ერთი ადამიანის სახეზე არ იკითხებოდა, რომ ისინი ებრალებოდათ და არც გაკვირვებულები არ იყვნენ. ამ ტიპის პროექტები ზოგადად ძალიან გამართლებული და ეფექტურია. თუ ასეთი ადამიანების რეაბილიტირებას რამდენიმე წელი ჭირდება, ამ კონკურსმა მათთვის იგივე შედეგი მოიტანა.”
სმენადაქვეითებულთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სასულიერო აკადემიის ერთერთი სტუდენტი, სწავლობს ჟესტურ ენას თავისი ინიციატივით. შესაბამისად, მათ მამაოსთან აღსარების ჩაბარება აღარ მოუწევთ მესამე პირის (თარჯიმნის) თანდასწრებით.
ვინაიდან ინფორმირების დონე დაბალია, ”საზოგადოება არ არის მზად, რომ მიიღოს ისინი. მათთვის სმენადაქვეითებული მხოლოდ და მხოლოდ ინვალიდია, რომელსაც უნდა დაეხმარო ან გეცოდებოდეს”- ამბობს ჟესტური ენის თარჯიმანი ესმერალდა იაკობაშვილი.
ამ სტერეოტიპის მიღმა ისინი არიან არაჩვეულებრივი მეუღლეები, მშობლები და შვილები. კითხვაზე რატომ დაუკავშირა ცხოვრება სმენადაქვეითებულს, ფლორა ბეჟანიშვილი გვპასუხობს: ”მე ბგერები მესმის და არ გამიჭირდებოდა მეტყველ ადამიანთან კონტაქტი, მაგრამ სურვილი არ მქონდა. მივხვდი რომ საზოგადოება სხვა თვალით გვიყურებს, უჭირთ ურთერთობა, გაგება. უფრო მიადვილდება ჩემ მეუღლესთან ურთიერთობა. მასთან დაწვრილებით ხდება ინფორმაციის გადაცემა და ორივესთვის ყველა ნიუანსი გასაგებია.”
საზოგადოებაში ადაპტირებისთვის, აუცილებელია იცოდნენ წერა-კითხვა. ეს მათი უმრავლესობის პრობლემაა. საზღვარგარეთ უამრავი სმენადაქვეითებული იღებს საშუალო და უმაღლეს განათლებას ინკლუზიურად.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მათი განათლების დონე საკმაოდ დაბალია, თავს იჩენს დასაქმების პრობლებაც. ესმერალდა იაკობაშვილი ამბობს: ” როცა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზეა საუბარი, იგრძნობა შიში და ჩნდება კითხვა როგორ გავაგებინო? იცით როგორ მშურს სხვა ქვეყნების? მაგალითად, რუსეთის ყრუთა კავშირში, კადრები სმენადაქვეითებულებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ რომ მათ მიიღეს სათანადო განათლება. იქამდე მათ ბევრი იბრძოლეს, ვინაიდან საბჭოთა კავშირში ჟესტური ენა აკრძალული იყო.”
სამწუხაროდ, საქართველოს ყრუთა საზოგადოებაში თვლიან, რომ ეს თაობა დაკარგულია. მიუხედავად იმისა, რომ სურთ კომუნიკაცია და აინტერესებთ ნებისმიერი თემა, ეტყობათ ინფორმაციის ნაკლებობა. მათთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ჟესტური ენის მცოდნე პირებს შეუძლიათ.
მცირედით, მაგრამ პროგრესი მაინც იგრძნობა. საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, დღესდღეობით რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული ქალაქის დასუფთავების სამსახურში. ახალგაზრდები მეტად ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აქვს პერმანენტული სახე, ისინი მისდევენ სხვადასხვა სახეობის სპორტს, მუშაობენ მინანქარზე, სწავლობენ ხელსაქმეს, ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტიპის და მნიშვნელობის კონკურსებში. ამას ორგანიზებას უწევს საქართველოს ყრუთა საზოგადოებაში, არსებული დღის ცენტრი. რამდენიმე ახალგაზრდა გადამზადდა და დასაქმდდნენ მღებავებად, სანტექნიკოსებად, მშენებლებად.
საქართველო 139-ე ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს უკვე შეუერთდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციას. საკანონმდებლო ბაზა განმტკიცებულია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეტად ექნებათ კანონიერი მოთხოვნების საფუძველი.
უკვე გაწერილია გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 2015 წლისთვის (მთელი სამოქმედო გეგმა) უნდა იყოს შესრულებული. ამაში იგულისხმება საერთაშორისო სტანდარტების აღიარება და საზღვარგარეთ უკვე აპრობირებული მეთოდების დანერგვა და შესაბამისი გარემოს შექმნა.
ესმერალდა იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთ სამსახურებში, როგორიც სასწრაფო, სახანძრო ან საპატრულო სამსახურია, უნდა მუშაობდეს მინიმუმ ოცი კადრი, რომელიც ფლობს ჟესტურ ენას და საჭიროების შემთხვევაში ამ კონტიგენტს მოემსახურება. ”ესპანეთში, იმ შემთხვევაში თუ უნარშეზღუდულს კარი ჩაეკეტა, გახდა ოჯახური კონფლიქტის, ხანძრის, ავარიის, ყაჩაღობის მსხვერპლი, ბროშურაზე ილუსტრირებული და დანომრილი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს, მას შეუძლია დაუკავშირდეს და დასახმარებლად მიმართოს შესაბამის სამსახურს.
მანანა ნოზაძე
Hemat Space Dengan Meja Poker Folding
7 years ago