Friday, November 26, 2010

უსაფრთხოა თუ არა საავადმყოფოში მკურნალობა?

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, სხვადასხვა ინფექციით დაავადებული პაციენტები ერთ პალატაში ხვდებიან, რის გამოც დაავადებთა გადადების რისკი იზრდება.
ბავშვი საავადმყოფოში ფილტვების ანთებით მოვიყვანე და ენტერო ვირუსი
გადაედო.”- ამბობს მარი ანტონოვა - ”გარდა ამისა ამ საავადმყოფოში სრული
ანტისანიტარიაა.”                               
ენტერო ვირუსი ორ-სამ მეტრში ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსია”_ ამბობს პედიატრი თამარ თოფჩიშვილი. ასეთი პაციენტი იზოლირებული უნდა იყოს სხვა პაციენტებისგან, ვინაიდან ბავშვმა შეიძლება ადვილად აკრიფოს სხვადასხვა დაავადებები და მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდეს.
როგორც აღმოჩნდა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ვირუსიანი პაციენტი იმ ბავშვებთან ხვდება პალატაში, რომელთაც სხვა დიაგნოზი აქვთ დასმული.
ერთერთი ორი წლის და შვიდი თვის პაციენტის მშობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.ჩვენთან საუბარში ამბობს: ”ჩემ შვილს ნაღვლის ბუშტი აქვს გადიდებული. პალატაში კი ვირუსიანი ბავშვია, მეშინია, რომ არ გადაედოს, მინდა რაც შეიძლება მალე გაგვწერონ.”
ამავე პალატაში, სადაც სხვა პაციენტს პნევმონიასა და ვირუსს მკურნალობენ მოათავსეს ბავშვი, რომლის დიაგნოზი - კუჭ-ნაწლავის სპაზმია. რაც  იმის ალბათობას ზრდის, რომ პაციენტს სხვა დიაგნიოზთან ერთად ვირუსიც განუვითარდეს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის,
ივანე ჩხაიძის განცხადებით: ”პაციენტთა სრული იზოლირება ვერ ხერხდება, თუმცა
სხვადასხვა ინფექციით დაავადებული ბავშვები ნაკლებად შესაძლებელია, რომ ერთ
პალატაში მოხვდნენ. შარშანდელი ეპიდემია იყო კოშმარი. ადგილზე საერთოდ
აღარ იყო საუბარი. ზოგადად კი, ინფექციური კონტროლი ხორციელდება და ჩვენ
ხელოვნურად არ ვქმნით ასეთ გართულებებს, რომ ხელი შევუწყოთ ვირუსის
გადადებას.”
ვირუსის გადადების ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორი ანტისანიტარიაა, რაზეც მშობლები ღიად საუბრობენ. ბავშვის დასაწოლი ღრუბელი, რომ ავწიე, ქვეშ გამხმარი ჭიები იყო. სავსეა აქურობა ტარაკნებით და კოღოებით.
საავადმყოფოში არსებული არასათანადო პირობებით აღშფოთებულია მარიამ მჭედლიძეც:”ძალიან ცუდი პირობებია, არ აქვთ იმის საშუალება , რომ პალატებში ინდივიდუალურად გადაგვანაწილონ. აქ შეიძლება პირიქით რაღაც გადაგედოს. გარდა ამისა არიან, ტარაკნები და კოღოები, არ გვაქვს ცხელი წყალი. რასაც აცხადებენ ტელევიზიებში ამ საავადმყოფოზე მეგონა გაწკრიალებული, მოვედით და დაგვხვდა საშინელება.”
ვირუსული დაავადებების რიცხვის მატებას ექიმები ზამთრის სეზონის
დადგომასთან ერთად ვარაუდობენ. “ნოებმერი და დეკემბერი ეს ვირუსების პიკია, რთულია ყველა პაციენტის იზოლირება, თუმცა ეს აუცილებელია”.გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ვირუსული ხასიათის დაავადებების გადადებას ადვილად ექვემდებარებიან. გართულებების თავიდან არიდება საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს.”
ამ ეტაპზე ინფექციურ განყოფილებაში რვა პალატაა. საავადმყოფოში მკურნალობაზე მოთხოვნილების ზრდა პალატების მეტად გადატვირთვას გამოიწვევს და შესაძლოა სიტუაციის კონტროლი გართულდეს.

Monday, October 25, 2010

”თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა”

პირველი შეკითხვა - რისთვის გვჭირდება ჯარი? კითხვას თავადვე პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოაგილე - ნოდარ ხარჩილაძე: ”იმისთვის, რომ მტერი შევაკავოთ.”
”ვისაც ენანება საკუთარი ჯარის შენახვა, მას მოუწევს შეინახოს სხვისი ჯარი.” მინისტრის მოადგილემ დიდი სიამაყით ისაუბრა, რომ ასეთი პროფესიონალური ჯარი ბევრ ქვეყანას არ ჰყავს.
ასევე ისაუბრა რეზერვის სისტემაზე საქართველოში. ერთადერთი საკითხი, რაზეც ორივე მხარე შევთანხმდით ისაა, რომ პირველი რეზერვის სისტემა იყო გაუმართავი. ეს სავალალო შედეგები აგვისტოს ომის დროს ვიწვნიეთ და ვერც ”მტერი შევაკავეთ.” მინისტრის მოადგილემ თავადაც აღნიშნა, რომ რეზერვისტები იყვნენ მოუმზადებლები და მათი ომში გაშვება არ შეიძლებოდა.
რეზერვისტთა ახალი სისტემა ორ კატეგორიად დაიყოფა.
პირველი - სადაც გადამზადდებიან უკვე გამოცდილი ჯარისკაცები და მათ კონკრეტულ ქვედანაყოფებს მიამაგრებენ. მეორე კატეგორია იქნება მხარდამჭერი რეზერვი, ამ ნაწილს გამოუცდელი მოხალისეები შეადგენენ და მათ საბრძოლო სიტუაციებში არ გამოიყენებენ. რეზერვის ხანგრძლივობა 45 დღემდე გაიზრდება.
იმისათვის, რომ ჯარი იყოს მოქნილი აუცილებელი პირობაა არსებობდეს კომუნიკაცია და კონტროლი. თუმცა ამ სისტემის დასახვეწად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო”- განაცხადა ნოდარ ხარჩილაძემ.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი აღნიშნა, რომ ”საქართველოს სჭირდება პროფესონალი ჯარი. ამ ეტაპზე გვყავს 25 000 ჯარისკაცი, ხოლო მინიმუმი რაოდენობა უნდა იყოს 37 000, ახლა ვართ მინიმუმთან ახლოს.”
ეს ნიშნავს იდეალურისგან შორს, ანუ ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!”

Thursday, June 3, 2010

”მშვიდი, ჩუმი სამყარო - შეჭრილი ხმაურიან სამყაროში”

ზუსტი სტატისტიკა, რამდენი სმენადაქვეითებულია საქართველოს მასშტაბით - არ არსებობს. სავარაუდო მონაცემები დარეგისტრირებულთა რაოდენობას (დაახლოებით 6 000 ადამიანი), ორჯერ აღემატება.
არ ესმით - ესაა მათი ერთადერთი შეზღუდვა, რის გამოც ვიზუალური აღქმის უნარი მკვეთრად აქვთ განვითარებული და ძალიან ყურადღებიანები არიან. მათ ჯერ ვერ გაიარეს საზოგადოებასთან უმტკივნეულო ინტეგრირების პროცესი.
გაუცხოების მთავარი მიზეზი ისაა, რომ უმრავლესობამ არ იცის ჟესტური ენა. ამის გამო სმენადაქვეითებულთა თვითშეფასების უნარი ძალიან დაქვეითებულია. ხშირად მშობლებს არც სურთ, რომ მათმა შვილმა ისწავლოს ჟესტური ენა. ასეთ ბავშვებს მალავენ ოჯახში და კონტაქტს თავისი მოგონილი ჟესტებით ცდილობენ. რაც იწვევს მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაციის დაკარგვის საფუძველს.

საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის მაია მეტონიძის განცხადებით: ”მხოლოდ იმის გამოქვეყნება მედიის საშუალებებით, რომ ჩვენ გვჭირდება სმენის აპარატები, ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციაა. მათ არაფერი სჭირდებათ თუ ექნებათ სრულფასოვანი გარემო.”
პრაღაში, გასულ წელს ჩატარდა სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი გოგონაც იღებდა. ნინო დავითნიძე ამ კონკურსზე ”მის ევროპა” გახდა. ამ დიდი წარმატების გამო ეს კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება. ჟურნალ ”იმედი +-სათვის” მიცემულ ინტერვიუში ნინო დავითნიძემ აღნიშნა, რომ მან შემოთავაზება მიიღო გერმანული სააგენტოსგან, ფოტო სესიაში მონაწილეობის მიღებაზე.
ეს კონკურსი ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებაში რეალიზებისთვის და რის გარეშეც ინტეგრირებას ვერ შეძლებენ. მაია მეტონიძე ამბობს: ”ლამაზად შეფუთული მივაწოდეთ საზოგადოებას მათი შესაძლებლობები და მე ვთვლი, რომ ეს იყო წარმატებული აქცია. დამსწრე საზოგადოების, არც ერთი ადამიანის სახეზე არ იკითხებოდა, რომ ისინი ებრალებოდათ და არც გაკვირვებულები არ იყვნენ. ამ ტიპის პროექტები ზოგადად ძალიან გამართლებული და ეფექტურია. თუ ასეთი ადამიანების რეაბილიტირებას რამდენიმე წელი ჭირდება, ამ კონკურსმა მათთვის იგივე შედეგი მოიტანა.”
სმენადაქვეითებულთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სასულიერო აკადემიის ერთერთი სტუდენტი, სწავლობს ჟესტურ ენას თავისი ინიციატივით. შესაბამისად, მათ მამაოსთან აღსარების ჩაბარება აღარ მოუწევთ მესამე პირის (თარჯიმნის) თანდასწრებით.
ვინაიდან ინფორმირების დონე დაბალია, ”საზოგადოება არ არის მზად, რომ მიიღოს ისინი. მათთვის სმენადაქვეითებული მხოლოდ და მხოლოდ ინვალიდია, რომელსაც უნდა დაეხმარო ან გეცოდებოდეს”- ამბობს ჟესტური ენის თარჯიმანი ესმერალდა იაკობაშვილი.

ამ სტერეოტიპის მიღმა ისინი არიან არაჩვეულებრივი მეუღლეები, მშობლები და შვილები. კითხვაზე რატომ დაუკავშირა ცხოვრება სმენადაქვეითებულს, ფლორა ბეჟანიშვილი გვპასუხობს: ”მე ბგერები მესმის და არ გამიჭირდებოდა მეტყველ ადამიანთან კონტაქტი, მაგრამ სურვილი არ მქონდა. მივხვდი რომ საზოგადოება სხვა თვალით გვიყურებს, უჭირთ ურთერთობა, გაგება. უფრო მიადვილდება ჩემ მეუღლესთან ურთიერთობა. მასთან დაწვრილებით ხდება ინფორმაციის გადაცემა და ორივესთვის ყველა ნიუანსი გასაგებია.”
საზოგადოებაში ადაპტირებისთვის, აუცილებელია იცოდნენ წერა-კითხვა. ეს მათი უმრავლესობის პრობლემაა. საზღვარგარეთ უამრავი სმენადაქვეითებული იღებს საშუალო და უმაღლეს განათლებას ინკლუზიურად.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მათი განათლების დონე საკმაოდ დაბალია, თავს იჩენს დასაქმების პრობლებაც. ესმერალდა იაკობაშვილი ამბობს: ” როცა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზეა საუბარი, იგრძნობა შიში და ჩნდება კითხვა როგორ გავაგებინო? იცით როგორ მშურს სხვა ქვეყნების? მაგალითად, რუსეთის ყრუთა კავშირში, კადრები სმენადაქვეითებულებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ რომ მათ მიიღეს სათანადო განათლება. იქამდე მათ ბევრი იბრძოლეს, ვინაიდან საბჭოთა კავშირში ჟესტური ენა აკრძალული იყო.”
სამწუხაროდ, საქართველოს ყრუთა საზოგადოებაში თვლიან, რომ ეს თაობა დაკარგულია. მიუხედავად იმისა, რომ სურთ კომუნიკაცია და აინტერესებთ ნებისმიერი თემა, ეტყობათ ინფორმაციის ნაკლებობა. მათთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ჟესტური ენის მცოდნე პირებს შეუძლიათ.
მცირედით, მაგრამ პროგრესი მაინც იგრძნობა. საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, დღესდღეობით რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული ქალაქის დასუფთავების სამსახურში. ახალგაზრდები მეტად ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აქვს პერმანენტული სახე, ისინი მისდევენ სხვადასხვა სახეობის სპორტს, მუშაობენ მინანქარზე, სწავლობენ ხელსაქმეს, ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტიპის და მნიშვნელობის კონკურსებში. ამას ორგანიზებას უწევს საქართველოს ყრუთა საზოგადოებაში, არსებული დღის ცენტრი. რამდენიმე ახალგაზრდა გადამზადდა და დასაქმდდნენ მღებავებად, სანტექნიკოსებად, მშენებლებად.
საქართველო 139-ე ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს უკვე შეუერთდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციას. საკანონმდებლო ბაზა განმტკიცებულია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეტად ექნებათ კანონიერი მოთხოვნების საფუძველი.
უკვე გაწერილია გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 2015 წლისთვის (მთელი სამოქმედო გეგმა) უნდა იყოს შესრულებული. ამაში იგულისხმება საერთაშორისო სტანდარტების აღიარება და საზღვარგარეთ უკვე აპრობირებული მეთოდების დანერგვა და შესაბამისი გარემოს შექმნა.
ესმერალდა იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთ სამსახურებში, როგორიც სასწრაფო, სახანძრო ან საპატრულო სამსახურია, უნდა მუშაობდეს მინიმუმ ოცი კადრი, რომელიც ფლობს ჟესტურ ენას და საჭიროების შემთხვევაში ამ კონტიგენტს მოემსახურება. ”ესპანეთში, იმ შემთხვევაში თუ უნარშეზღუდულს კარი ჩაეკეტა, გახდა ოჯახური კონფლიქტის, ხანძრის, ავარიის, ყაჩაღობის მსხვერპლი, ბროშურაზე ილუსტრირებული და დანომრილი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს, მას შეუძლია დაუკავშირდეს და დასახმარებლად მიმართოს შესაბამის სამსახურს.

მანანა ნოზაძე

Friday, May 28, 2010

12 000 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს


       

30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო სიებში ცდომილებები საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების ძირითადი პრობლემაა. არჩევნებში ჩართული  ნებისმიერი სუბიექტი ამ დარღვევების აღმოფხვრას საკუთარი მეთოდებით ცდილობს. მიუხედავად ამისა საკითხი გადაუჭრელი რჩება.
პრობლემის მოუგვარებლობის ერთერთი მიზეზი, იმ პირთა სიაა რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს იცვლიან მაგრამ რეგისტირებულნი კვლავ ძველ მისამართზე რჩებიან.
ცესკოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ჯული გიორგაძის განცადებით: ”იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბინის მესაკუთრეებმა რეგისტრაციიდან მოხსნეს - 12 200-ია.”
ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ჯამბურიძე გოდერძი აკაკის ძე, რომელიც სამოქალაქო რეესტრის ისანი - სამგორის რაიონის ნომერ 142 - ე ბრძანების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხსნა.
სამოქალაქო რეესტრში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განცხადების შეტანა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, თუ ეს პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
            სამოქალაქო რეესტრს  სწორედ ამ განცხადებით მივმართე, რათა ეს პიროვნება ჩემს საკუთრებაში არსებული ბინიდან მომეხსნა რეგისტრაციიდან.
ამისათვის წარვადგინე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ბინა ნამდვილად ჩემს საკუთრებაშია. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლის, ილია ღარიშვილის განცხადებით: ”იმისათვის, რომ პიროვნება მოიხსნას რეგისტრაციიდან, აუცილებელია სამი მეზობლის ხელმოწერა, რომ აღნიშნული პირი ნამდვილად არ ცხოვრობს ამ მისამართზე.”
 შედგა საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმი და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ისანი - სამგორის რაიონის სამსახურის უფროსმა დავით ჩაკვეტაძემ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამ  ბრძანების თანახმად მოქალაქე ჯამბურიძე გოდერძი აკაკის ძე მოხსნილია რეგისტრაციიდან და სათანადო ცვლილება უნდა შევიდეს მონაცემთა ბაზასა და ფორმა 1 - ში.
ცესკოს მონაცემებით 177 - მა ადამიანმა უკვე გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, მათ ამის საშუალება 14 მაისამდე ჰქონდათ.
რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. აქედან გამომდინარე 12 000 ამომრჩეველი და მათ შორის გოდერძი ჯამბურიძე 30 მაისს  ვერ მიიღებს მონაწილეობას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. საწინააღმდეგო ფაქტი ჩაითვლება დარღვევად.


                                                                                       მანანა ნოზაძე
                                                                                            GIPA
                                                                                             2010