ლოგიკურია, რომ 99 არ უდრის 100. დამტკიცებულია, რომ დაუმრგვალებელი ფასები მომხმარებელს პროდუქციის შეძენისაკენ უბიძგებს. ასეთ შემთხვევებში, თუკი მყიდველს, საქონლის შესაძენად გადახდილი თანხიდან არ დაუბრუნებენ კუთვნილ ხურდას, თითოეული მომხმარებლისათვის ხურდაში გაუცემელმა ერთ და ორთეთრიანმა, შესაძლოა ჯამში სოლიდური თანხა შეადგინოს.
”ავერსის” აფთიაქის მედიკამენტების ფასების 67% , ხოლო PSP-ს - 53% დაუმრგვალებელია. აუდიტორული კომპანიის შპს ”პროფესიონალის” დირექტორის გიორგი კამლაძის განცხადებით: ”ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დაუმრგვალებელი ფასებით ფირმა იღებს სოლიდურ დამატებით შემოსავალს. თუმცა კონკრეტული ციფრის განსაზღვრა შეუძლებელია. საგადასახადო კანონების შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა აღირიცხოს ბუღალტრულად, როგორს დამატებითი შემოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.”
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის კახა ბარაბაძის თქმით, ” სავაჭრო და მომსახურების ობიექტები ვალდებულები არიან თვითონ - დამოუკიდებლად უზრუნველყონ თავიანთი ობიექტები ყველა ნომინალის ფულის ნიშნებით, რათა არ ქონდეს ადგილი ხურდა ფულის (მათ შორის 1 და 2 თეთრიანი მონეტების) დაუბრუნებლობის ფაქტებს”.
მიუხედავად ამისა, მომხმარებელი ყოველდღიურად ხვდება ამ პრობლემას. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების ღირებულება დაუმრგვალებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ და ორთეთრიან მონეტებს ფარმაცევტები ხურდაში არ აბრუნებენ, მომხმარებელი ზარალდება. სალარო აპარატიდან ამობეჭდილ ქვითარზე კი, მითითებულია შეძენილი პროდუქტის ღირებულება და არა ის, რაც მომხმარებელმა გადაიხადა.
კითხვაზე დაუბრუნებიათ თუ არა ხურდაში ერთთეთრიანი და რა რეაქცია გქონიათ მომხმარებელმა თამარ სურმავამ უპასუხა: ”არასოდეს, თუმცა იყო ასეთი აფთიაქი ”კრისტალი”(რომელიც დაიხურა და მისი ქსელიც არსად მინახავს) და იქ მქონდა შემთხვევა. გამეცინა, ავიღე და ისე ვინახავ.”
იგივე კითხვაზე, კონკრეტულად ”ავერსის”, ”PSP-სა”და “GPC-ს” შემთხვევაში თუ დაუბრუნებიათ, სალომე წიქარიშვილმა უპასუხა: ”ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება.”
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ხაბეიშვილმა განაცხადა: ”ჩვენ ვცდილობთ აფთიაქებში გვქონდეს ერთ და ორთეთრიანები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კლიენტების გაღიზიანებას იწვევს.”
რამდენად ღიზიანდება მომხმარებელი, ან შეურაცხყოფად იღებს თუ არა ერთეთრიანის ხურდაში მიღებას მარი ჯუღელი ამბობს. ”მქონია ერთადერთი შემთხვევა ავლაბარში, ნამდვილად არ გავღიზიანებულვარ და არც შეურაცხყოფად მიმიღია, თუმცა ძალიან გამიკვირდა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება.”
საინტერესოა, რატომ არ არის პროდუქციის ღირებულება თავიდანვე დამრგვალებული, თუ რეალიზაციისას მაინც მრგვალდება?
დიდი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი(დროის უქონლობის გამო) აღმოჩნდა იმის დადგენა, აღირიცხება თუ არა ეს თანხა სადმე ფარმაცევტული კომპანიების მიერ. ფარმაცევტული კომპანია ”PSP_ს” პიარ სამსახურმა ვერ შეძლო ჩემი დაკავშირება ბუღალტრებთან და ფინანსურ დირექტორებთან და საბოლოოდ მეილზე გაგზავნილ შეკითხვებზე მომივიდა პასუხი:”გააკეთეთ სტატია ჩვენი კომპანიის გარეშე. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.” ავერსის” პიარ-მენეჯერი ნინო თოდუა, სანამ ჩემს შეკითხვებს გაიგებდა ტელეფონს მაინც პასუხობდა, მერე კი გამომიცხადა, რომ ჩემთან შეხვედრას პაატა კურტანიძე ახლო მომავალში ვერ შეძლებს, მოუცლელობის გამო. მე ვთხოვე, რომ ნებისმიერი დრო მისაღები, იქნებოდა ჩემთვის, თუმცა არც ამაზე მიმიღია დადებითი პასუხი და ამით დასრულდა ჩვენი სატელეფონო საუბარი. ამის შემდეგ ტელეფონსაც არავინ პასუხობს.
ფაქტი კი ერთია, რომ ერთ და ორთეთრიანები მიმოქცევაში არის რეალიზაციაში კი არა. ამას კახა ბარაბაძის განცხადებაც ადასტურებს: ”ეროვნული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეკონომიკის მოთხოვნა ყველა ნომინალის (მათ შორის 1 და 2 თეთრიანი) ფულის ნიშნებით. ერთ და ორ თეთრიანი მონეტების მიღებაზე უარის თქმით, ან მათი დაუბრუნებლობით ირღვევა საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესები და ილახება მომხმარებელთა უფლებები. აღნიშნულზე რეაგირებას კი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153', 158' და 239-ე მუხლები.”
საქართველოში ზოგადად, ფასის რეგულირების კანონი ან რამე მექანიზმი არ არსებობს. ”ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის” ექსპერტის თინა ტურძილაძის თქმით, ” წამლებზე ფასწარმოქმნის ქართული პრინციპის საფუძვლიანი ანალიზი, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. “ქართული ფასწარმოქმნის სტრუქტურა” მახინჯია (“ეკოპალიტრა”).
”თიბისი” ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის დავით კენჭაძის განცხადებით: “ დაუმრგვალებელი ფასი მარკეტინგულ პრაქტიკაში მიღებული სვლაა, ეს სვლა არის მიმართული კლიენტები მოსაზიდად, (ქუჩიდან მაღაზიაში შემოსაყვანად) უფრო მეტად ის გამოიყენება იმისათვის, რომ კლიენტმა მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქციის შეძენის თაობაზე. დაუმრგვალებელ ფასებს ადამიანის ფსიქოლოგია აღიქვამს ისე ვითომ ის უფრო იაფია ან ფასდაკლებულია.”
ფაქტია, რომ ხურდა მომხმარებლის ჯიბეში არ ბრუნდება და ”კლიენტების გაღიზიანებით” ფარმაცევტული კომპანიები დიდ სარგებლობას ნახულობენ.
No comments:
Post a Comment